“დამთავრდა კრიზისი, პოლიტიკური. დასრულებულია. ზოგი შემოვა-არ შემოვა, ეს აღარავის აინტერესებს”, – ამის შესახებ განცხადება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
როგორც ვაშაძემ TV პირველის ეთერში თქვა, საარჩევნო რეფორმაზე უმრავლესობა შეთანხმდა.
“საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი ხმები არის; საარჩევნო რეფორმა მიდის წინ და იცით, რომ საკითხების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შევთანხმდით; ახლა მართლმსაჯულებას უნდა მოვკიდოთ [ხელი] და საკონსტიტუციო ცვლილებებს; ამის პარალელურად, საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებას იწყებს ოპოზიცია, იმ ინიციატივებისთვის, რაც აწუხებს ხალხს”, — განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ პარლამენტში ჯერ კიდევ არ შესულა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა, ვაშაძემ უპასუხა:
“რომც არ შემოვიდნენ, პირდაპირ გეუბნებით, ყველა ეს ცვლილება მაინც გავა. აბა რა?! შემოვლენ — შემოვლენ, არ შემოვლენ — არ შემოვლენ. ამაზე ხომ არ ვილაპარაკებთ მთელი ცხოვრება, შემოვლენ თუ არ შემოვლენ”, – აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა” და თვითონაც არაერთხელ აღმოჩნდა “გადაგდებული”. მან, ასევე, თქვა, რომ მაგარი იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია საკუთარ პარტიას დატოვებს და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შეუერთდება.