“ცენტრალურ საარჩევნი კომისიაში 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 5-მარტიდან – 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება”, – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
“2021 წლის 4 მარტს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საარჩევნო კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო1 და მიზნად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქნილობისა და ეფექტიანობის ზრდა იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაცია შტატების შემცირებას არ ისახავს მიზნად, პროცესი საყურადღებოა, რადგან ითვალისწინებდა ერთი მხრივ ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანური რესურსების ახლებურ გადანაწილებას.
მაგალითად, მარტში განხორციელებული რეფორმა არ შეხებია ცესკოს იურიდიულ, საფინანსო, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტებს, თუმცა, მაისში ინიცირებული ცვლილებებით, შიდა აუდიტის და უსაფრთხოების დეპარტამენტი შეუერთდა იურიდიულ დეპარტამენტს, შიდა აუდიტის განყოფილების სახით. მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში, საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ორგანიზებისთვის, ცესკოს მდივნის აპარატის შექმნა, რომელიც დეპარტამენთან არის გათანაბრებული”, – წერია ინფორმაციაში.