ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

30 კაცი იქნებოდა, ჯოხებით გამომეკიდნენ, დანა დამარტყეს – ისრაელში მცხოვრებ ქართველს თავს არაბები დაესხნენ

ქალაქ აკოში დედის სანახავად მიმავალ მორის ჯანაშვილს არაბები თავს დაესხნენ. როგორც ჯანაშვილი ფორმულასთან აცხადებს, არაბებმა მის მანქანაში ჩამოკიდებული ისრაელის დროშის დანახვის შემდეგ, მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

“როდესაც გავიგე, რა ხდებოდა აკოში, დედის სანახავად ჩამოვედი. საღამო იყო და არაბების უბანი უნდა გამეარა. უბნის შესასვლელში იდგნენ, როცა დაინახეს, რომ მანქანაში ისრაელის დროშა მქონდა ჩამოკიდებული. გამომეკიდნენ, ქვებისა და კოქტეილების სროლა დამიწყეს. გაქცევა მინდოდა და კედელს დავეჯახე. ამ დროს, მოცვივდნენ. მე მანქანიდან გადმოვედი და გავიქეცი. დაახლოებით, 30 კაცი იქნებოდა – ჯოხებით, ქვებით გამომეკიდნენ. დამიჭირეს, მიწაზე დამაგდეს, მირტყამდნენ ჯოხებს, წიხლებს. ვიღაცამ დანა დამარტყა ფეხში, ხელსა და თავში. არ ვიცი, რამდენს ჰქონდა დანა. თავში რომ ჩამარტყეს, თვალთ დამიბნელდა. ხმა მესმოდა – თავი დაანებეთო და მერე ბუნდოვნად მახსოვს, რა მოხდა. თვალი რომ გავახილე, უკვე სასწრაფოს მანქანაში ვიყავი. კლინიკაში მეზობლები ვიცანი, ისინიც არაბები არიან. მათ დავუნახივარ და შემიბრალეს. გამოიძახეს სასწრაფო და აქ მომიყვანეს”, – აცხადებს ჯანაშვილი.

შეგახსენებთ, ისრაელ-პალესტინას შორის სარაკეტო თავდასხმები გრძელდება. პალესტინის მხარის განცხადებით, ამ კვირაში სულ მცირე 119 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 19 ბავშვია. ისრაელის მხარე კი, აცხადებს, რომ მათ 8 დაღუპული ჰყავთ.

 

იტვირთბა....