“ამ წელს გამოჩნდება ვინ ვის ატყუებდა”
2016 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით მაიმუნს ეკუთვნის. რა თავისებურებები ახასიათებს ამ ცხოველს და ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის რამდენად წარმატებული წელი იქნება, „მეტრონომს“ ასტროლოგი მიშა ცაგარელი ესაუბრა.
“მეტრონომი“: ბატონო მიშა, როგორი იქნება მაიმუნის წელიწადი და რა თავისებურებები ახასიათებს ამ ნიშანს? მიშა ცაგარელი: მაიმუნის წელიწადი იწყება 8 თებერვლიდან, შესაბამისად იქამდე თხის წელი რჩება. მაიმუნის წლისთვის დამახასიათებელი ნიშნებია ის, რომ საზოგადოებაში მოიტანს გონებამახვილობას, კონტაქტურობას, ხასიათში იუმორს, მაგრამ ამ წელს აქვს თავისი უარყოფითი მხარეც, რაც გამოიხატება ტყუილებისა და ჭორებისკენ მიდრეკილებაში. სხვათა საკუთრების მითვისების სურვილში, სულსწრაფობაში, მერყეობაში… მაიმუნი წინასწარ განუსაზღვრელი რეაქციების მატარებელია. ვერ დავგეგმავთ მოვლენებს, რადგან თავად არ იცის მაიმუნმა რას მოიმოქმედებს. ეს არის ცეცხლის სტიქიის მატარებელი წელიწადი, რომელიც ყველას მომენტალურად აამოძრავებს და გააქტიურებს. ეს წელიწადი განუსაზღვრელი და მოულოდნელი ცვლილებების იქნება, მათ შორის, პოლიტიკაში, სადაც სხვადასხვა სახის სკანდალების მოწმენი ვიქნებით, თანამდებობის შეცვლისა თუ დაკავებისა. განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში კარგად გაირკვევა ვინ ვის ატყუებდა და რა ფორმით, პოლიტიკური კადრების რადიკალური ცვლილება დაიწყება, შემოვლენ ახალი და ნაკლებად ცნობილი სახეები. პრაქტიკული სახით, ეს ქვეყნისთვის ამ ეტაპზე თითქოს კარგი არ არის, მაგრამ მომავლისთვის ძალიან ნაყოფიერი პროცესია.
დამყარდება ნორმალური ურთიერთობები არა მარტო დასავლეთთან, არამედ რუსეთთანაც. ეს უკანასკნელი მომავალი წლიდან უსამართლობის პრეზუმციიდან გამოვა.
დიდი ცვლილებები იქნება სპორტის, საგანმანათლებლო თუ საფინანსო სფეროში.
– რაც შეეხება აღმოსავლურ და დასავლურ ზოდიაქოს ნიშნებს, მათთვის ეს წელიწადი როგორი იქნება?
– აღმოსავლური ზოდიაქოდან დავიწყებ: მთავრი ფავოროტი ნიშანია წლის მასპინძელი, ანუ მაიმუნი. მის შემდეგ წარმატებული წელი ექნებათ ვირთხის, დრაკონის, ცხენის და ძაღლის წელში დაბადებულებს.
ეს წელიწადი შედარებით რთული იქნება ვეფხვის, გველის და ტახის წელიწადში დაბადებულებისათვის. დარჩენილი ნიშნებისთვის 2016 წელი საშუალო იქნება.
რაც შეეხება დასავლურ ჰოროსკოპს, მთავარი ფავორიტი ნიშანი ქალწულია. სექტემბრამდე მას გამორჩეული წელი ექნება. მის შემდეგ წარმატების შანსი დიდი აქვს ვერძს, რომელიც აპრილიდან ნოემბრამდე გასტანს, ასევე წარმატების ძალიან კარგი შანსები აქვს თევზების ზოდიაქოს ნიშანს. კუროსთვის ზოგადად კარგი პერიოდია. ლომსაც საკმაოდ დადებითი პერიოდი უდგება.
ძალიან უცნაური და საინტერესო წელია სასწორთათვის. 22 მაისამდე მათ საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ. ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება ამ ნიშანს სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოგადად იურიდიულ ფაქტორებთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, კონფლიქტების და გაუგებრობების პერიოდი ექნება, ჯანმრთელობის მდგომარეობასაც უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. 22 მაისის შემდეგ სასწორისთვის წელიწადი თანდათან დასტაბილურდება და უფრო გამარტივდება, ოქტომბრიდან კი მათი წარმატების შანსი გაორმაგდება. რაც შეეხება მორიელს, მას წლის პირველი ნახევარი შედარებით სტაბლური აქვს, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან, 22 მაისიდან ბევრი ინტრიგა, ჭორი, მოშურნეობა შეუქმნის პრობლემებს.
მშვილდოსნის წინსვლა მკვეთრად დამუხრუჭდება, ამიტომ მოთმინება და ორმაგი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდება. ეს წელიწადი მისთვისაც რთული, მაგრამ დაძლევადი იქნება. დანარჩენი ნიშნებისთვის, ეს იქნება ტყუპები, თხის რქა, კირჩხიბი თუ მერწყული, მაიმუნის წელიწადი ზომიერად სტაბილური იქნება. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია აღმოსავლური და დასავლური ზოდიაქო შევახამოთ და ამის მიხედვით განვსაზღვროთ წელიწადი.
– როგორ შევხვდეთ ახალ წელს?
– რიტუალებს აღმოსავლეთში დიდ ყურადღებას აქცევენ. მიიჩნევა, რომ ამით წლის მასპინძლის კეთილგანწყობას იღებენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაიმუნის წელიწადი 8 თებერვლიდან იწყება, ამიტომ, საახალწლოდ როგორც მაიმუნის, ასევე თხის აქსესუარებიც უნდა გვქონდეს. ახალი წლის ღამეს ამ ორი ნიშნის ფერებში გამოწყობა კარგია. მაიმუნს წითელი და მისი გარდამავალი ფერები მოსწონს, თხას კი ყვითელი, მწვანე, ოქროსფერი. ასევე, ნაძვის ხეს გვერდით ჩიჩილაკი დავუდოთ, რადგან წარმატების მომტანია. თუ გვექნება საშუალება, მანდარინის ტოტი, თუნდაც ხელოვნური, ვიქონიოთ ახალ წელს, რადგან ხვავის და ბარაქის მოსაზიდად ძალიან კარგია. საახალწლო სუფრაზე როგორც ტრადიციული საკვები, ასევე ეგზოტიკური კერძებია სასურველი. ბანანი უმთავრესი პროდუქტია.
მანა ნოდია