ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კორუფციის და ნეპოტიზმის ბრალდება მერიის მისამართით

რატომ გამოცხადდა 23-ათასიანი ტენდერი 6 თვის შემდეგ?

ინტერნეტ სააგენტოების მიერ დღეს ვრცელდება 15 დეკემბერს “ქრონიკა პლუსში” გამოქვეყნებული სტატიის შინაარსი, სადაც მონიტორინგის ცენტრი „მედიატორის“ წევრი გივი კუბლაშვილი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეს, ლუკა კანკავას კორუფციასა და ნეპოტიზმში დებს ბრალს. თემა ეხება მერიის მიერ ერთ კომპანიასთან შეთანხმებულ გამოცხადებულ 22 ათას 880 ლარიან ხელშეკრულებას, რომელიც ერთი წლის წინ შექმნილ კომპანიასთან გაფორმდა და ერთ-ერთი ქუჩის სტიქიის შედეგად დაზიანებული ფერდობის გამაგრებით პროექტს ეხება.

„მედიატორის“ წარმომადგენელისთვის გაუგებარია რატომ გაფორმდა ხელშეკრულება წლის ბოლოს და რატომ ჩაბარდა ეს პროექტი ერთი წლის წინ შექმნილ კომპანიას.

“მეტრონომი” დაუკავშირდა გივი კუბლაშვილს  და სცადა გაერკვია, უფრო ზუსტად, რა კანონსაწინააღმდეგო დეტალებს ხედავდა მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში:

გივი კუბლაშვილი, „მედიატორი: “მაინცდამაინც ერთი წლის წინ შექმნილ კომპანიასთან როგორ გააფორმა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ ხელშეკრულება? მათ მანამდე მხოლოდ ერთი პროექტი აქვთ შესრულებული, ისიც საბურთალოს გამგეობას აქვს მანამდეც მიცემული. თან 6 თვეა სტიქიის შემდეგ გასული. წლის ბოლოს რატომ დაელოდნენ, რომ ახლა გაეფორმებინათ 22 ათას 880 ლარიანი ხელშეკრულება?

“მეტრონომი”: რამეს აპირებთ, გარდა ამ ინფორმაციის გავრცელებისა?

კუბლაშვილი: “ამ ეტაპზე ძალიან არალოგიკურად მიგვაჩნია ეს საქმე პროკურატურაში შევიტანოთ, რადგან ჩვენი მხრიდან ბევრი საქმეა პროკურატურაში შეტანილი და სამწუხაროდ, არც ერთ საქმეზე მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. დაველოდებით 2016 წელს, ვნახავთ მათ რეაგირებას და შემდეგ დავიწყებთ პროკურატურისთვის იმ საქმეების წარმოებას, რომელიც შევიტანეთ და დანარჩენებს, რომლებსაც დოკუმენტალურად დალაგებული და დასაბუთებული გვილაგია ტომებად, ამაზეც შევიტანთ საქმეებს”.

 

მერიაში, ჩვენ კითხვაზე, თუ რატომ დებს ბრალს „თავისუფალი ზონა“ მერიას საეჭვო ტენდერის გამოცხადებაში, ოპერატიულად გვიპასუხეს. საბურთალოს რაიონის გამგებლის მრჩეველმა ნინო გულბათაშვილმა ამ ინფორმაციაზე განგვიმარტა:

“ამ აბსურდული ბრალდების დეტალებში არ შევალ, უბრალოდ გეტყვით, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხები გამგეობებს სახელმწიფოს მიერ გადაეცა და მისი ათვისება ხდება კანონის შესაბამისად. გამარტივებული წესით მომსახურების შესყიდვა არის აბსოლუტურად კანონიერი პროცედურა, კანონით მინიჭებული უფლება და ამაზე სხვა განმარტების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია”.

მანა ნოდია

იტვირთბა....