ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, როგორიც არის „ტექნიკური რეგლამენტის – სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა. მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო დარღვევის განმეორებით ჩადენისას კი ეს სანქცია ორმაგდება.

ზურაბ ეზუგბაიას განმარტებით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს კომპეტენციათა გამიჯვნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედ ორ მაკონტროლებელ სტრუქტურას – სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს შორის.

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან პლასტმასისგან დამზადებული პლასტმასის ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების და გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება.
 
გარდა ამისა, ასევე იკრძალება კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის პლასტმასისგან დამზადებული, ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება/შეთავაზება.

გარდამავალ პერიოდში ჩამოთვლილი პროდუქტები, რომლებიც უკვე განთავსებულია ბაზარზე ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსდეს 2026 წლის 1 აპრილამდე. პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში, ანუ 2026 წლის 1 ივლისამდე.

იტვირთბა....