პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას. როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, პროექტის მიზანს წარმოადგენს აკადემიაში ახალი საბაკალავრო პროგრამის „საზოგადოებრივი მართლწესრიგი და საპოლიციო საქმე“ შექმნა.
„ეს იქნება ახალი ფაკულტეტი, სადაც შესაძლებლობა გაჩნდება მომავალმა პოლიციელებმა უმაღლესი განათლება საპოლიციო საქმის მიმართულებით მიიღონ“, – განაცხადა მომხსენებელმა.
ცვლილების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება და მისი სახელწოდება შეიცვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიით (პოლიციის აკადემია).
კანონის ცვლილებაში აღნიშნულია პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან, სწავლებასა და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები.
„ეს ცვლილებები იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მოვიზიდოთ ახალი, კვალიფიციური კადრები, რომლებსაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება ექნებათ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, სწავლის პერიოდში თითოეული სტუდენტი სრულად უზრუნველვყოთ კვებით, საცხოვრებლით, ფორმით, ტაქტიკური, ფიზიკური თუ საცეცხლე მომზადებით. სწავლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მათი სისტემაში დასაქმების ვალდებულებას იღებს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი განმარტებით, გაზიარებულია კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების მიერ გამოთქმული შეთავაზება, რომ წარმოდგენილ კანონპროექტთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის საკითხი განიხილონ.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელი აკადემიით შეიცვლება.

