ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა საჭიროებების უგულებელყოფა გრძელდება

სახალხო დამცველი გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ნინოწმინდის პანსიონისთვის გამოცემულ დროებით ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თავშესაფარში ბენეფიციართა საჭიროებები კვლავ უგულებელყოფილია. ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველს ჯერ კიდევ არ ეძლევა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებია გატარებული აღნიშნულ პანსიონში.

“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებით ღონისძიებას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე გამოიცა.

კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოა და კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ყოველმხრივი შემოწმების შესაძლებლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

სახალხო დამცველი მადლობას უხდის ორგანიზაციას გაწეული სამუშაოსთვის და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მყისიერი რეაგირება მოახდინონ კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სახალხო დამცველისთვის და საზოგადოებისთვის პასუხისმგებელი უწყების მხრიდან გატარებული ღონისძიების ანდა პოზიციის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განთავსებულ ბენეფიციართა საჭიროებების უგულებელყოფა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა. ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ.

მიტროპოლიტ სპირიდონის განცხადებით, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ “ასეთ ქალს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს”.

იტვირთბა....