ე.წ. საბანკო „შავი სია“ ყველა იმ პირისთვის არის ცნობილი, ვისაც საბანკო/მიკროსაფინანსო სექტორთან შეხება ჰქონია. მომხმარებელი, რომელიც ამ სიაში ხვდება, წლების განმავლობაში ვერ ახერხებს საკრედიტო კომპანიებისგან სესხის მიღებას. „ბანკები და საზოგადოების“ წარმომადგენელი, გივი ადეიშვილი „მეტრონომს“ პასუხობს კითხვებზე, თუ როგორ შეიძლება მომხმარებელმა თავი დააღწიოს ე.წ. „შავ სიას“ და რა შემთხვევაში ირიყება საბანკო სექტორის მხრიდან დაფინანსების მსურველი პირი.
„მეტრონომი“: რას ნიშნავს ე.წ. საბანკო „შავი სია“ და როგორ შეიძლება მომხმარებელმა მას თავი დააღწიოს?
გივი ადეიშვილი: იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი თანხას არ იხდის, ანუ გადაცილება აქვს საბანკო სესხზე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება, შესაძლებელია ის „შავ სიაში“ მოხვდეს. ეს სია მომხმარებლისთვის შემდგომ სესხის აღების პროცესს ართულებს. შესაძლებელია რომ ამ სიაში მყოფ ადამიანს სხვა არცერთმა ბანკმა აღარ მისცეს სესხი. ე.წ. „შავი სიიდან“ მომხარებლის ამოღება ხდება იმ შემთხვევაში, როცა ის სრულად დაფარავს სესხს და გარკვეული დროის შემდეგ ბანკს, ან საკრედიტო ორგანიზაციას, „კრედიტინფოს“ განცხადებით მიმართავს, რომ „შავი სიიდან“ ამოიღონ. თუმცა, მას შემდეგ რაც მომხმარებელი სრულად დაფარავს დავალიანებს, დაახლოებით 5 წელზე მეტი სჭირდება, რომ „შავი სიიდან“ ამოიღონ. ამ სიიდან ავტომატურად მომხმარებლის ამოღება არ ხდება, განცხადებით მიმართვა საჭიროა. „შავი სია“ ეს არის ადამიანის ისტორია, თუ როგორ ფარავდა ის სესხს, ეს ინფორმაცია საჭიროა ყველა საკრედიტო კომპანიისთვის. ამის საფუძველზე საფინასო ორგანიზაციები რისკებს იმცირებენ.
– რა არ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ არ მოხვდეს?
– პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სესხი უნდა გადაიხადოს დროულად, ან მისი გადაცილების ვადა დიდ პერიოდს არ უნდა მოიცავდეს. მოგეხსენებათ, ჩვენთან 2008 წლის ომის შემდეგ ბევრი მოხვდა „შავ სიაში“, მაგრამ ნაწილს ეს ე.წ. გრიფი მოეხსნა, რადგან კომერციულმა ბანკებმა რიგი შემთხვევები გაითვალისწინეს, მათ შორის, ის, რომ სესხები გაისტუმრეს.
– საკმაოდ ბევრი მომხარებელია საქართველოში „გაშავებული“. არადა, ბანკებს თითქოს აქვთ სისტემა, რომლითაც კარგად ამოწმებენ დაფინანსების მსურველ პირს. რატომ ხდება საბოლოოდ მომხმარებლის „გაშავება“, სად არის ხარვეზი, საბანკო სისტემაში თუ მომხმარებლის ცნობიერებაში?
– სესხები და მასთან დაკავშირებული გადახდის პრობლემები კომპლექსური სისტემაა. სესხების ვერ დაფარვას პირველ რიგში ადამიანების გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს. ისინი ვეღარ ახერხებენ იმ სესხების დაფარვას, რომელიც მათთვის სასიკეთო ეკონომიკურ დროს აიღეს. ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ შემოსავალი გაეზარდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ის ზრდას განაგრძობს. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები როცა, სამწუხაროდ, ადამიანის ეკონომიკური ფონი უარყოფითისკენ იცვლება. ამიტომ მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემოსავლის 35 პროცენტზე მეტი არ უნდა მისდიოდეს საბანკო სესხის გადასახადში, კონკრეტულ პერიოდში როგორი შემოსავალიც არ უნდა ჰქონდეს. შემოსავლის 35 პროცენტი ის თანხაა, რომლის გადახდაც თითქმის ყველა შემთხვევაშია შესაძლებელი. საბანკო სექტორმაც დახვეწა სისტემა და უფრო ნაკლები ინტენსივობით გასცემს სესხებს ბოლო პერიოდში, რადგან მომხმარებლის კონტროლი მაღალ დონეზე აქვთ გამკაცრებული.
მანა ნოდია