ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: ეს არის მსოფლიო პატრიარქის შეცდომაში შეყვანა, რაც ჩვენსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის ურთიერთობის დაძაბვას გულისხმობს

“ბატონი გიორგი თარგამაძის შესახებ მინდა ვთქვა. დამირეკეს ტელევიზია ფორმულადან და მთხოვეს კომენტარი, გავიდა სიუჟეტი გიორგი თარგამაძის ვიზიტი მსოფლიო პატრიართან. მე ვთხოვე არ დაეჭრათ ეს კომენტარი, თუმცა, რა თქმა უნდა, დაჭრეს ჩემი სიტყვები”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ვიდეო-მიმართვისას განაცხადა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის მიერ მსოფლიო პატრიარქთან მომზადებულ ინტერვიუს გამოეხმაურა. მიტროპოლიტის თქმით, თარგამაძემ მსოფლიო პატრიარქის შეცდომაში შეიყვანა.

“ბევრი კარგი რამ თქვა მსოფლიო პატრიარქმა, მე პირადად ვიცნობ ძალიან ახლოს და მინდა გითხრათ, რომ პიროვნულად ის არაჩვეულებრივი ადამიანია. ძალიან თავმდაბალი, განათლებული, კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ნამდვილად არ იცის ვითარება საქართელოში და ქართული ჟურნალისტიკის ხრიკები. ჩადის საქართველოდან ჟურნალისტი და ეუბნება ასეთ რამეს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას იმიტომ რომ, ჩვენ გვაქვს შიში, როგორც კი ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას, იმ წუთშივე რუსეთი აღაირებს აფხაზეთის ავტოკეფალიას. ეს განცხადება არა მარტო აბსურდულია თავისი შინაარსით, არამედ საერთო ამას რეალობასთან არ აქვს.

ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული, მსოფლიო პატრიარქის შეცდომაში შეყვანა. რაც თავისთავად გულისხმობს ჩვენსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის ურთიერთობის დაძაბვას. მე იმედი მაქვს, რომ ის ჭკვიანი ადამიანია და მიხვდება იმას, რომ ეს სისულელეა, არ შეიძლება ნორმალური სასულიერო პირი, განათლებული, რომელმაც ოდნავ მაინც იცის საეკლესიო წესები, ამას ამბობდეს, რომ მე არ დავუჭერ მხარს ავტოკეფალიას უკრაინაში იმიტომ რომ, შემდეგ რუსული გავლენებია, ეს აბსურდული განცხადებაა”, – თქვა მიტროპოლიტმა.

ცნობისათვის, 2 მაისს ფორმულას ეთერში გიორგი თარგამაძის ინტერვიუ გავიდა მსოფლიო პატრიარქთან.

იტვირთბა....