დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მაგდა პაპიძის აღმკვეთი ღონიძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
პაპიძის ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, 20 დეკემბრის გამთენიისას ის შვილისა და მეუღლის მხოლოდ გადარჩენას ცდილობდა.
„ის არის უკანონოდ დაკავებული, დაზარალებულია ფაქტობრივად, იმიტომ რომ მეუღლე და შვილი დაკარგა. მან შემთხვევით ნახა მეუღლე და შვილი უგონო მდგომარეობაში, ეგონა რომ ცოცხლები იყვნენ და მათ გადარჩენას აპირებდა,“ – განაცხადა ადვოკატმა.
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გუშინ ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. 25 წლის ქალს პროკურატურამ ბრალი ორმაგ მკვლელობაში წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნის ჩარტყმით ჯერ ქმარი მოკლა შემდეგ კი 5 წლის შვილი. ასევე გამოძიების ინფორმაციით მკვლელობის შემედგ მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები საცხოვრებელი ბინიდან, კორპუსის წინ, ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.