მიწის ნაკვეთებზე, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება და მათი განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის კუთხით, ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდება.
“საჯარო რეესტრის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს ბიუროს სხდომაზე წარუდგინა და პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაც ბიუროს წევრთა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.
ინიციატივას კამათიც მოჰყვა. მთავრობის არგუმენტი ასეთია: დღეს მიწების უმეტესობა სათანადოდ რეგისტრირებული და ერთიან ელექტრონულ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ არის, რადგან წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სრულყოფილი აზომვითი სამუშაოების ჩატარება და რეგისტრაცია არ ხდებოდა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზანი არსებობდა.
ეკომონიკის მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის თქმით, თუკი აკრძალვა არ მოხდება, შეიძლება გარკვეული მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია განხორციელდეს.
მთავრობის არგუმენტები გაუგებარი აღმოჩნდა დეპუტატ ზურაბ ტყემალაძისთვის, რომლის განმარტებითაც, სახელმწიფოს დღესაც ჩვეულებრივად შეუძლია, არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები რეგისტრაციაში საკუთარ თავზე გაატაროს.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის თქმით, მთავრობის ეს ინიციატივა ბევრ კითხვას აჩენს. “პრივატიზაცია ეს არის სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემა. ესე იგი, ნაკვეთებთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი ვითარება: ან სახელმწიფოს საკუთრებაა, ან თვითმმართველობის საკუთრება, ან არც ერთის მიერ არ არის დარეგისტრირებული. აქ პრიორიტეტი აქვს იმას, ვინც პირველი წარადგენს განაცხადს რეგისტრირებისთვის. შესაბამისად, ვისთვის კეთდება ეს, რომ თვითმმართველობებმა არ დაირეგისტიროს თავის სახელზე და მერე პრივატიზაცია არ გააკეთოს?! თუ ეს ასეა, ეს პირდაპირ უნდა ითქვას. არის ბევრი კითხვა”, – განაცხადა ხმალაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ბიურომ პროექტის დაჩქარებულად განხილვას მხარი არ დაუჭირა. მთავრობის ინიციატივას პარლამენტი ჩვეულებრივი წესით განიხილავს.