ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მძევლად აყვანილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
დღეს, მსოფლიოში მძევლად 54 ჟურნალისტია აყვანილი – 26 სირიაში, 13 იემენში, 10 ერაყში და 5 ლიბიაში. ამასთან, დღეისათვის 153 ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობის გამო სხვადასხვა ქვეყნის ციხეში სასჯელს იხდის. ჟურნალისტებისთვის ხუთი ყველაზე რეპრესიული ქვეყნების სიას 23 დაპატიმრებული ჟურნალისტით ჩინეთი ლიდერობს. შემდეგ მოდის ეგვიპტე – 22 დაპატიმრებული ჟურნალისტით, ირანში 18 ჟურნალისტი იხდის სასჯელს, ერითრიაში 15 და თურქეთში 9.
დატყვევებული 54 ჟურნალისტიდან ყველა მძევლად შეიარაღებული დაჯგუფებების მიაერ არიან აყვანილი. ამ დაჯგუფებებიდან პრესის მიმართ ყველაზე დაუნდობელი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და ალ ქაიდა არიან. მძევლად აყვანილი 54 ჟურნალისტიდან 53 მამაკაცია და ერთი ქალი.
გატაცებული ჟურნალისტების 70 პროცენტი იმ ქვეყნებშია მძევლად აყვანილი, სადაც კონფლიქტები მიმდინარეობს. ამასთან, მათი 95 პროცენტი იმავე ქვეყნის მოქალაქეები, დარჩენილი 5 პროცენტი კი უცხოელი მოქალაქეები არიან.
ჟურნალისტების მძევლად აყვანის შემთხვევები 2014 წელთან შედარებით, წელს 34 პროცენტით შემცირდა. ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ კლებას უკრაინაში, დონბასის რეგიონში ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შეწყვეტას უკავშირებს. კერძოდ კი, 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ათობით ჟურნალისტი იქნა გატაცებული, დაკავებული ან დაპატიმრებული 24 საათზე მეტი პერიოდით. 2015 წელს მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ამერიკის ხმა“