უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისთვის შესაძლოა კონკრეტული რეგულაციები მოიხსნას. ამის შესახებ მან ქრონიკის ეთერში ისაუბრა.
“ამ ეტაპისთვის, როდესაც მიმდინარეობს ვაქცინაციის მეორე ეტაპი, ცოტა ნაადრევია კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი, თუმცა, ცხადია საკოორდინაციო საბჭო განიხილავს რომელი მიმართულებით შეიძლება შემსუბუქდეს რეგულაციები იმ პირებისთვის, ვინც საბოლოო ჯამში იქნება სრული კურსით ვაქცინირებული, ანუ ექნება ვაქცინის ორი ეტაპი გავლილი. ამ მომენტში კონკრეტულ ღონისძიებას ვერ დავასახელებ”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 30 აპრილისათვის, ჯამურად ჩატარდა 45 338 აცრა. სრულად კი ვაქცინირებულია 6064 ადამიანი.