2016 წლის დასაწისში ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული სერვისი ამოქმედდება. ინტერნეტ პორტალის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ახალი ელექტრონული სერვისის ამოქმედება უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან პორტალი გაამარტივებს საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვას და ერთ ელექტრონულ სივრცეში მოუყრის თავს უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და სკოლების ციფრულ ჩანაწერებს. სერვისი განკუთვნილია როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. მისი მომსახურებით ისარგებლებს საქართველოს 72 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 86 პროფესიული კოლეჯი, 2,333 სკოლა და 700 ათასმე სტუდენტი“- ამის შესახებ სამინისტროს ვებ-გვერდი წერს.
ინტერნეტ პორტალი, რომელშიც განთავსდება საგანმანათლებლო ინფორმაცია და ციფრული ჩანაწერები (დიპლომები, ატესტატები, სერტიფიკატები, ა.შ) შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მისი სსიპ-ების „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ და „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ მეშვეობით. ინიციატივის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა.
„ჩვენ ვამკვიდრებთ ინფორმაციის მართვის მაღალლტექნოლოგიურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სისტემას. ახალი ელექტრონული სერვისის მეშვეობით გაუმჯობესდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, გამარტივდება გადახდები, უფრო ხელმისაწვდომი გახდება საგანმანათლებლო ჩანაწერები, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბიუროკრატიას განათლების სისტემაში“, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში – ნილს სკოტმა აღნიშნა, რომ ახალი სერვისი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმას ხელს შეუწყობს. ვინაიდან, ახალი ტექნოლოგიები ელექტრონული მმართველობის პრინციპებს ეფუძნება, ეს არა მარტო გაზრდის განათლების ხარისხს, არამედ საქართველოს ასი ათასობით სტუდენტსა და მასწავლებელს შეუწყობს ხელს.
საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვის პორტალი სრულყოფილად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლების გადამზადება და არსებული საგანმანათლებლო ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადაყვანა დასრულდება.