“რიგმა ქვეყნებმა შემოიღეს თავიანთი დოკუმენტი. ეს მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ადამიანი აცრილია თუ არა და როგორ არის აცრილი, – ერთჯერადად თუ სრულად”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შეკითხვას, რას ნიშნავს ე.წ. კოვიდპასპორტი და როგორ შეიძლება ველოდოთ ამ ყველაფერს საქართველოში.
მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს ე.წ. კოვიპასპორტების შემოღების საკითხზე, თუმცა, როგორც გამყრელიძემ განმარტა, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს შემუშავებული რაიმე კონკრეტული დოკუმენტი.
“ჯერჯერობით ასეთი ერთიანი, უნიფიცირებული ცნობა ან დოკუმენტი, დადგენილი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, არ გახლავთ, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც არ აქვს ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული, ერთიან დოკუმენტთან დაკავშირებით, თუმცა, ევროკავშირი მუშაობს და მალე დაამთავრებს ამ საკითხზე მუშაობას”, – თქვა გამყრელიძემ.