ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტიაში, ღელეს ადიდების გამო, მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეშში, ღელეს ადიდების გამო, რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” -ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეშში ადიდებული იყო ღელე, რომელსაც მოჰქონდა ტალახი.

სოფელში შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები.

უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა.

ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. დილით კი, ხილვადობის აღდგენისთანავე, 5-კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ, მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება. პარალელურად, სოფელ ჟაბეშში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ აღნიშნული ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

იტვირთბა....