ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყება და კენჭისყრამდე 40 დღით ადრე დასრულდება. თუ კანდიდატს პარტია წარადგენს, ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება საჭირო არ იქნება, ხოლო თუ ადამიანი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას კენჭი იყაროს ე.წ. პრეზიდენტად, მაშინ მას 2 – 2,5 ათასი ხელმოწერის შეგროვება დასჭირდება.
ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა. გადადგომას წინ ოპოზიციის მასობრივი მიტინგი უძღოდა. მიზეზი ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება გახდა. შეთანხმება რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევდა. ე.წ. პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება ვერ შეძლო.