შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული მურთაზ მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი ვებ-გვერდის საშუალებით ავრცელებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 16 აბი და ორი ნატეხი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,1323 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებისას მურთაზ მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).