რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა ჭყონდიდში მისი ჩასვლის ფაქტი განმარტა და ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა, რომ ეპარქიაში ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩავიდა.
“მე ვარ სასულიერო პირის ოჯახიდან და ჩვენ, მამაჩემიდან გამიმდინარე, გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან, ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც უშუალოდ მეუფე აღავლენს ხოლმე ღვთისმსახურებას. ამიტომ, ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას, ხშირად დავდივართ ცაგრეში სხვადასხვა დღესასწაულებზე და ბუნებრივია, როდესაც მეუფემ დამატებით შეითავსა ჭყონდიდის ეპარქიის მართვა და აღევლინა საღვთო ლიტურგია, გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით და ტრადიციულად დავსწრებოდით ღვთისმსახურებას ჭყონდიდში.
ამას მოჰყვა გარკვეული სპეკულაციები, რომ ჩავედით და ლამის ჩვენს ოკუპანტ მეზობელთან დაგვაკავშირეს ამის გამო, ყველა გზა ამ ქვეყანაში პუტინთან მიდის, როგორც ვიცით. ამიტომ, გვინდა კანონზომიერებები ავხსნათ. ჩვენ ვართ ეკლესიის წევრი ადამიანები და ვიყავით ბზობის დღესასწულის აღსანიშნავად ჩასული ჭყონდიდში”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
ცნობისათვის, 25 აპრილს სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად აუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.