მოსამართლეთა კონფერენცია მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს.
მათ განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს მოსამართლეები შეშფოთებულნი არიან ბოლო დროს, როგორც მთელი სასამართლო სისტემის, ასევე ცალკეული მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების გამო, რაც მიზანმიმართული დისკრედიტაციის სახეს იღებს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
“განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და მიუღებელია სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების და ჯგუფების მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, განხორციელებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლის მცდელობის ფაქტები. მოსამართლეები ამ დრომდე მიიჩნევდნენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მათი როლისა და თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, თავი შეეკავებინათ გამოხმაურებოდნენ შინაარსმოკლებულ და დაუსაბუთებელ ვარაუდებზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რაც პერიოდულად ვრცელდება მედიასივრცეში. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მოსამართლეების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რაც გონივრულ და ზომიერების ფარგლებს სცილდება, ლახავს მოსამართლეთა რეპუტაციას და იწვევს საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობის ჩამოყალიბებას სასამართლო სისტემის მიმართ. ამგვარი ბრალდებების ავტორებს, რომლებიც ხშირად იურიდიული სფეროს წარმომადგენლები არიან, როგორც ჩანს, შეხსენება სჭირდებათ, რომ ნებისმიერი გამოთქმული კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, არ შეიცავდეს ადრესატის პიროვნების შეურაცხყოფას და მით უფრო ცილისწამებას, რაც უკვე სცილდება გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებს. საქართველოს მოსამართლეები ყველაზე კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოხატოს თუნდაც კრიტიკული მოსაზრება სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუმცა ყოვლად დაუშვებლად მივიჩნევთ სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც დაუსაბუთებლად და მიზამნიმართულად აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს და შეიძლება აღქმულ იქნას სასამართლოს, მოსამართლის ან/და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების დაშინების, ზეწოლის ან მათზე რაიმე ფორმით ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამგვარ ფორმას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან. იგი წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისათვის თანაარსი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დარღვევას, სასამართლოს ავტორიტეტისა და პრესტიჟის უხეშ შელახვას”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსამართლეების თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, დიპლომატიური კორპუსი, სამოქალაქო სექტორი, ინტერესთა ჯგუფები, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები და მასმედია სათანადო ყურადღებას მიაქცევენ და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებზე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე პირდაპირ თუ ირიბი ზეწოლის მცდელობებს.
“დღეს წყდება მთავარი საკითხი, რაც, ვფიქრობთ, უკვე მრავალი წელია სასამართლო სისტემის და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი გამოწვევაა: იმ მოსამართლეებს, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების პერიოდში არ არიან დანიშნულები/არჩეულები, ექნებათ თუ არა ხელახალი ვადებით სამოსამართლეო კარიერის გაგრძელების შესაძლებლებლობა (ასეთია დღევანდელ მოსამართლეთა დაახლოებით 90%), ცხადია მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების და სხვა კრიტერიუმების ობიექტური შეფასების შედეგად, თუ, ასეთი მოსამართლეები, მხოლოდ ერთი ნიშნით – ისინი მოქმედი ხელისუფლების პირობებში არ არიან დანიშნულნი, წინასწარ იქნებიან განწირულები. სამწუხაროდ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების (ამ შემთხვევაში როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრები) მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საბჭოში არჩეულ წევრებს – ჩააგდონ ესა თუ ის კანდიდატურა, რაც ზოგადი სიმპტომი იქნება მთელი სისტემისათვის, ეს კი მოსამართლეთა შანსებს ხელახალი ვადებით გადანიშვნაზე კიდევ უფრო შეამცირებს. სწორედ ახლა წყდება, ქვეყანას უნდა ცივილიზებული, დასავლური ტიპის სასამართლო სისტემა, რომელიც არამარტო ქაღალდზე, არამედ რეალურადაც, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, დამოუკიდებლად წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს, თუ, გვინდა პოლიტიკურ თუ სხვაგვარ გავლენებზე აგებული სისტემა, რომელიც მორგებულია სხვადასხვა პოლიტიკური თუ მათი სატელიტი ჯგუფების შეხედულებებზე. როდესაც პიროვნება აირჩევა ან ინიშნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, იგულისხმება როგორც მოსამართლე, ისე განსაკუთრებით არამოსამართლე წევრები, იმ წუთიდან ისინი ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ინტერესებით და არა მათი ამ თანამდებობაზე განმმწესებლის (პარლამენტი, პრეზიდენტი) ინტერესებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ მიზანმიმართული აშკარად მცდარი, დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური და არაეთიკური განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და ნდობას უკარგავს მას.
იტვირთბა....