ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი საია-ს განცხადებაზე: მათგან ცოტა არ იყოს და, არ მოველოდი, რა ვიფიქრო, არც კი ვიცი

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღქმით ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საის) განცხადებას ეხმაურება, რომელმაც პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, არ დაუშვან იმ კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება ამნისტია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საია-სგან მსგავსი განცხადება გასაკვირია:

“შეთანხმების წარუმატებელი ჩაშლის გამო ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო მისი აღსრულების ჩაშლას რომ ცდილობენ, ეს გასაგებია, მაგრამ, საია-სგან, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს და, არ მოველოდი. რა ვიფიქრო, არც კი ვიცი”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საიას განმარტებით, სხვა შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დადგება არამხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი. ასევე, საფრთხის ქვეშ დგება სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.

იტვირთბა....