“2021 წლის 19 ივნისს საიამ მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საის) აცხადებს.
საიას განმარტებით, სხვა შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დადგება არამხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი. ასევე, საფრთხის ქვეშ დგება სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.
ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს,[2] და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით”, – წერია საიას განცხადებაში.