ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერია თქმით, ბაქრაძის დოკუმენტზე ხელმოწერა არის არაკორექტული ნაბიჯი.
“სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, ეს პირველ რიგში ეხება ბაქრაძეს. მას გარკვეული ვალდებულება ჰქონდა პატიის წინაშე და საჯაროდაც, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში, რომც ბოიკოტი არ ყოფილიყო არ შედიოდა პარლამენტში. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ პარტიული პოლიტიკიდან საერთოდ მივდივარო, იმიტომ რომ ჩემი თავი ამოვწურეო. ძალიან არაკორექტული ნაბიჯია მისგან…”, – ამბობს ბოკერია.
შეგახსენებთ ცოტახნის წინ, დავით ბაქრაძემ ევროპული საქართველო დატოვა და მან განაცხადა რომ ამ პარტიასთან ერთად ამოწურა თავისი შესაძლებლობები და აგრძელებს დამოუკიდებელდა მუშაობას.
19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.