ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციასა და ქართული ოცნების მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს იყო ივანიშვილის გადარჩენის “სპეცოპერაცია”, რომელიც აშშ-დან, ტრამპის მხარდამჭერების მიერ იყო დაგეგმილი.
მისი თქმით, გუშინ ის დარწმუნდა, რომ საქართველოს არ ჰყავს არანაირი სტრატეგიული პარტნიორები.
„გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ს ელჩი საქართველოში — ქალბატონი კელი დეგნანი.
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს მოკავშირეები, მფარველები, ზურგის გამამაგრებლებიც. ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველოს მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქვრება,“ — ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
მოლაპარაკებები ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მონაწილეობით რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.