ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი სააკაშვილზე: რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა რომ რევოლუციების და არეულობების დრო დამთავრდა

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და მას რევოლუციაზე მეოცნებე კაცი უწოდა.

მისი თქმით, ისიც კი მიხვდა, რომ რევოლუციებისა და არეულობების დრო დამთავრდა და მომავალზე შეთანხმებაა საჭირო.

“ჭკუა მეკეტება საქართველოზე, მეც — ლევან იოსელიანსაც და ვინც ჩვენ პარტიაში მოქალაქეებში ვართ ყველას. ზუსტად ვიცოდით რომ აბსოლუტურად სწორ რამეს ვაკეთებდით შეთანხმების გადარჩენით, მოლაპარაკების პროცესის შენარჩუნებით და პარლამენტში შესვლით. საქართველოსთვის და ხალხისთვის საჭირო რამეს ვაკეთებდით. გული მიჩუყდება როცა მახსენდება იმ საშინელი რამდენიმე თვის მანძილზე როგორ ვამხნევებდით ერთმანეთს და ვეუბნებოდით რომ უნდა გაგვეძლო — გაგვეძლო ვინაიდან ასე სჭირდებოდა საქართველოს. უნდა გაგვეძლო და ბოლოს ყველა ჩვენ აზრზე დადგებოდა, ვინც საშინლად გვლანძღავდა ისინიც. ჰოდა, ეს ხდება ზუსტად. აი, ეს რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა რომ რევოლუციების და არეულობების დრო დამთავრდა. საქართველოს მომავალზე შეთანხმების დროა”, — წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელმა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის წევრებს მოუწოდა, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გაათავისუფლებენ. გარდა ამისა, სააკაშვილი ამბობს, რომ წინაპირობა მელიას უპირობო გათავისუფლება უნდა იყოს.

იტვირთბა....