სტრატეგია აღმაშენებელის წევრმა პაატა მანჯგალაძემ შეთანხმების დოკუმენტზე კომენტირებისას განაცხადა, რომ პარტია ერთსულოვანია და რღვევა არაა.
მისი თქმით, თაკო ჩარკვიანს განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა მისი აზრით ისიც შევა პარლამენტში და ნაციონალური მოძრაობაც.
„რაც შეეხება პარტიულ რღვევებს, სტრატეგია აღმაშენებელში არანაირი სტრატეგიული რღვევები არ გვაქვს. პარტია არის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ამომრჩეველი და პოლიტსაბჭო ამ გადაწყვეტილებას უჭერენ მხარს. თაკო ჩარკვიანს აქვს განსხვავებული პოზიცია, არ ვეთანხმებით. დააკვირდით თაკო ჩარკვიანს, ის აუცილებლად შემოვა პარლამენტში. არა მარტო თაკო ჩარკვიანი, ნაციონალური მოძრაობაც შემოვა პარლამენტში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
მოლაპარაკებები ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მონაწილეობით რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.