ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოქრიაშვილი: გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხელი უნდა მოაწეროს მელიამ

პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერი, ნაციონალური მოძრაობის ბლოკის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხელმოწერა უნდა ჰქონდეს.

როგორც ოქრიაშვილმა ენმ-ის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება უპირობოდ უნდა დატოვოს.

“დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. უპირობოდ უნდა გამოუშვან და მან უნდა მოაწეროს ხელი. დოკუმენტი მე არ მომწონს, მაგრამ კომპრომისის გამო, შესაძლებელია, განვიხილოთ ხელისმოწერა, მაგრამ ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ”, – უთხრა ჟურნალისტებს ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა  გუშინ, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმოადგენლობის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ პირველ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

 

იტვირთბა....