მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები დასრულდა – “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს, გარდა წარმატებული სპორტული კარიერისა. რატომ შეაჩერა “ქართული ოცნების”გუნდმა არჩევანი მიხეილ ყაველაშვილზე და რამდენად არსებობს შანსები იმის, რომ ვერც მიხეილ ყაველაშვილმა გაამართლოს ბიძინა ივანიშვილის იმედები ზურაბიშვილისა და მარგველაშვილის მსგავსად?- აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით “მეტრონომი” პოლიტოლოგ ნიკოლოზ ჩიტაძეს ესაუბრა.
რატომ აირჩია “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი?
ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს სურდა, პრეზიდენტის პოსტზე ეხილა ყველაზე ნაკლებად გამართლებული და დამჯერი პირი. პოლიტიკური საქმიანობის დასაწყისში ივანიშვილმა ორიენტაცია აიღო გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილზე, თუმცა ორივე მათგანი ატარებდა მისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის მისამართით, თუ რატომ იყო საერთოდ ბიძინა ივანიშვილი მათი მოკავშირე ,მაგრამ ფაქტია ,რომ მათ განათლების დონესა და ინტელექტზე არავინ დავობს – ისინი ინტელექტუალური პიროვნებები არიან. ამჯერად ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისთვის პრეზიდენტის პოსტზე ხელსაყრელი არ არის განათლებული ადამიანები და წარადგინა ყველაზე მისაღები კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილის სახით, რომელსაც ადვილად მართავს და რომელიც ადვილად დაემორჩილება მის ნებას. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ რუსეთი იყო ჩარეული გადაწყვეტილების მიღების პროცესში . ბუნებრივია, რუსეთისთვის, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტებით, ყაველაშვილისნაირი კანდიდატურა საუკეთესოა. ცხადია, მისი პრეზიდენტობა არის ერისა და ქვეყნის სირცხვილი. ერთი მხრივ მის კანდიდატურაზე ვერ ისაუბრებ სერიოზულად, მეორე მხრივ კი ვხედავთ, რა კატასტროფული რეალობის წინაშე დგას ქვეყანა. ამ შემთხვევაში ყაველაშვილია ის პიროვნება, რომელიც რუსეთის ინტერესებს სრულიად უპასუხებს, ამის დასტურია პრეზიდენტის კანდიდატურად წარდგენის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიც – დასავლურ ძალებს დააბრალა, რომ ებრძვიან საქართველოს სუვერენიტეტს. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა საზოგადოებას, რომ რაც სურს იმას გააკეთებს და მეტიც, დასცინის მთლიანად საქართველოს.
წინა ორმა პრეზიდენტმა მმართველი გუნდის იმედები ვერ გაამართლა, მეტიც, პრობლემებიც კი შეუქმნა მათ, როგორ ფიქრობთ, ვიხილავთ თუ არა მიხეილ ყაველაშვილის ასეთ ტრანსფორმაციას?
ვერ ვიხილავთ, რამდენადაც მას არც არანაირი განათლება არ აქვს და ამიტომაც სურს ივანიშვილს ასეთი კატეგორიის ადამიანი ხელისუფლებაში, რათა შეასრულოს მისი ყველა მოთხოვნა და სურვილი.