ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
როგორც ბარამიძე აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო მიიღებს.
„პოლიტიკური საბჭოს შეკრებამდე წინმსწრებად, ერთმნიშვნელოვნად ვერ გავაკეთებ განცხადებას, მაგრამ მჯერა, რომ არა. არა იმიტომ, რომ ვიღაც გაჯიქებულია, გაჯიუტებულია და ბავშვივით ფეხებს აფიჩინებს რაღაცაზე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით სწორედაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალს. პარლმენტში ვიღაც რომ შევა, ზოგიერთი რომ იძახის, დავიღალეთ და აღარ შეგვიძლია ეს ამბავი, ვიღაც რომ 5 ათას ლარს მიიღებს ხელფასა, ვიღაც თანამდებობას, მერე ქვეყანაში ვითარება შეიცვლება? ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ნაციონალური მოძრაობა თუ ანტურაჟად შევა ქართული ოცნების ოპოზიციად, თითქოს ყველაფერი კარგად არის და თითქოს ქართველი ხალხის 52%-მა არ თქვა, რომ ქართული ოცნება ოპოზიციაში უნდა იყოს და დანარჩენი პარტიები ხელისუფლებაში…
რასაც გვთავაზობენ, ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელია. ამაზე დათანხმება არის შეურაცხყოფა ჩვენი თავის, ჩვენი პოზიციის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი ასობით ათასი მხარდამჭერის”, – აცხადებს ბარამიძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, ამ წუთებში, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გუშინ, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმოადგენლობის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ პირველ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.