ოპოზიციის ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, დრო დადგა რომ ოპოზიციამ გაერთიანდეს და თბილისის მერობის კანდიდატად ნიკანორ მელია წარადგინოს. ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში”, – წერს უგულავა.
მისი თქმით, სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. მათი ერთობის ახალი საფუძვლებია საჭირო. ერთობის ეს ტესტი კი თავიდან უნდა ჩააბარონ.
“ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – რიგგარეშე სრულად პროპორციული საპარლმენტო არჩევნები.
ჩვენ ხშირად გვავიწყდება და მარტო რიგგარეშე არჩევნებს ვახსენებთ. არადა ჩვენი მიზანი რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებია. შეგახსენებთ, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და ვერავინ გადამარწმუნებს რომ იგივე შეცდომებისგან ვიქნებით დაზღვეული. ისევ ამ 30 მაჟორიტარში ავიბლანდებით, – ამ ივანიშვილის მიერ ჩატოვებულ ბოროტებაში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია”, – ამბობს უგულავა.
ოპოზიციის ლიდერის უგულავას თქმით, ოპოზიციის მიზანი ორ საფეხურად მიმიღწევა:
“ა. პირველი საფეხური. საპრლამენტო არჩევნების პროპორციულობა
1. 2024- მდე ჩატარებული ყველა რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით 2% ბარიერით. ამისთვის და სხვა აუცილებელი საარჩევნო რეფორმისთვის, ოპოზიცია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს, შედის პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების, განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილების – სრულად პროპორციულის, მხარდასაჭერად.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. საფეხური მეორე:
2. დიდ ქალაქებში მერების ერთიანი კანდიდატებით და რაიონის საკრებულოებში კოალიციური თანამშრომლობით, მნიშვნელოვან ქალაქებში, პირველ რიგში თბილისში ოცნების დამარცხება. მხოლოდ პროპორციულ ნაწილში ოცნების 43%-ს ქვემოთ დატოვება, სწორი თანამშრომლობის პირობებში, სრულიად რეალისტური ამოცანაა, რაც, შეთანხმების მიხედვით, რიგგარეშე, პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს
3. სრულად პროპორციული რიგგარეშე მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე
4. ასეთ პირობებში 15 მაისის მანიფესტაცია უნდა გადაიქცეს შეჯერებული ეკანდიდატების {თბილისის მერობის კანდიდატის} ნომინაციის საზეიმო მანიფესტაციად
ოპოზიცია მიიღებს ახალ სიცოცხლეს. ადგილებზე ბევრგან გავიმარჯვებთ. სადაც ვერა – ოპოზიცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი. იგრძნობს გამარჯვების გემოს, დაიჯერებს გამარჯვებას. გაუჩნდება წვდომა ინფორმაციაზე, რესურსებზე. მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელ ჟანგბადს. დაამტკიცებს რომ შეუძლია კოალიციური მუშაობა და წელგამართული გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა ერთად საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – წერს უგულავა.
მანვე აღნიშნა, რომ თუ ოცნება არ მოაწერს ხელს, მთელი წნეხი მასზე იქნება. მისივე თქმით, გასაგებია
რატომ იკავებს თავს ენმ. ხელმოწერაზე. შეუძლებელია როცა თავმჯდომარე მოტაცებულია მიიღო სრულფასოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ ხელმომწერი პარტიების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია დათქმა- ბოიკოტი შეწყდება მხოლოდ ნიკა მელიას განთავისუფლების მერე.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ოფისში ოპოზიციასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
შეხვედრას არ დასწრებია მმართველი გუნდი. ვაშაძის თქმით, ოცნების წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას ესემესით შეატყობინეს, რომ შეხვედრაზე არ მივიდოდნენ.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.