ლევან ვასაძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შექმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც უმკაცრესად გააკონტროლებს მედიასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მკაცრად დასჯის ან საქმიანობას აუკრძალავს თითოეულ მათგანს ქვეყნის ტრადიციული ღირებულების შეურაცხყოფის შემთხვევაში.
ვასაძის თქმით, ამ კომისიის საქმიანობა შესაძლოა დასავლეთში უარყოფითად შეაფასონ, თუმცა ბიზნესმენი არწმუნებს „ქართულ ოცნებას“ რომ ეს საზოგადოებისთვის სასიკეთო ქმედებაა და საზღვარგარეთ თუ არა ადგილზე, ლოკალურად დაფასდება ხელისუფლების ეს ნაბიჯი.
“თუ ამ ღონისძიებების გატარების პროცესში თქვენ გამოიწვევთ შეშფოთებას გარკვეულ უცხოურ წრეებში, ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ თქვენი მადლობელი იქნება. თუ ამავე პროცესში საქართველოს დააქვეითებენ ჭინკური ე.წ. თავისუფლების რეიტინგებში, მიიღეთ ეს როგორც ჯილდო და ნიშანი იმისა, რომ ეტყობა რაღაცას აკეთებთ ქვეყნის სასიკეთოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, ჩვენს ქვეყანას ელოდება კიდევ უფრო მეტი როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული არეულობა და განსაცდელი, ხოლო თქვენ კი იმ მატერიალური ძალაუფლებისა და რესურსების დაკარგვა, რომელსაც გეჩვენებათ რომ ასე ჭკვიანურად უფრთხილდებით”, – აცხადებს ვასაძე.
ჩვენ დავუკავშირდით ადგილობრივ არასამათვრობო ორგანიზაციებს: „მედიის განვითარების ფონდს“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ კომენტარის გაკეთება ვასაძის ინიციატივაზე არცერთ ზემოთქმულ ორგანიზაციას ამ ეტაპზე არ სურს.