ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: ოცნება შეხვედრას არ დაესწრო, მხოლოდ ესემესით შეატყობინეს მასპინძელს

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ. ამის შესახებ ვაშაძემ ევროკავშირის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღევანდელ დღეს დავარქვი შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. ქართულმა ოცნებამ, არ ვიცი დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორ, ისინი არ გამოცხადნენ ამ შეხვედრაზე და მხოლოდ ესემესით შეატყობინეს, როგორც ვიცი, ჩვენს მასპინძელს. საოცარი მიდგომაა, სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი ქმედება არის შოკისმომგვრელი, რამდენჯერმე ვიკითხე, რა ხდება მეთქი”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისათვის, მხარეთა შორის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....