“მგონია, რომ ახალი ტექსტი იქნება და არ იქნება იგივე ტექსტი რაც ბოლო რაუნდზე იყო. ორი საკითხი იყო – პოლიტპატიმრების და ვადამდელამდე მისასვლელი გზა. ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ცვლილებები რომ ოპოზიცია დათანხმდეს. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გარკვეული არ მოვაწერ ხელს, როგორც მაშინ არ მოვაწერე. ჩემი პირობა არის ის რომ პირობა მელიას გათავისუფლების უნდა იყოს ისეთი რომელიც პირველ რიგში მელიასთვის იქნება მისაღები”, – ამის შესახებ გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ევროკავშირის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისათვის, მხარეთა შორის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.