ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ჩემმა განცხადებამ ღელვა გამოიწვია, თითქოს საბჭოთა სოციალიზმში ვაბრუნებთ ვიღაცებს

მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი, კოლექტიური საკუთრების გასხვისების თაობაზე, თავის განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ სპეკულაციები,  საბჭოთა სოციალიზმში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ზედმეტია.

„მინდა განვმარტო კოლექტიურ საკუთრებასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება, რამაც გარკვეულ წრეებში ღელვა გამოიწვია. თითქოს საბჭოთა სოციალიზმში ვაბრუნებთ ვიღაცებს. ვისაც ჩვენი გამოსვლები მოუსმენია ხოლმე იცის რასაც ვგულისხმობ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ საერთო სიმდიდრეზე რასაც წარმოადგენს: მიწა, ტყე, მდინარე. რაც ყველას საკუთრებაა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ საერთო საკუთრებს და არავის აქვს უფლება ის რაც საერთო საკუთრებაა თავისი ვიწრო ინტერესების მიხედვით განკარგოს. ამაზე ვსაუბრობდი და სპეკულაციები ზედმეტია. იმედია ამას მეტი გაგრძელება არ ექნება”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ-ლაივის დროს.

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველმა კოლექტიური საკუთრების გასხვისებზე  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში – დღის თემა 17 აპრილს ისაუბრა.

„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ უშუალოდ თურქულ კომპანიაზე არ არის საუბარი. ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი. ეროვნული ინტერესებისთვის და ზოგადად, სტრატეგიულ ობიექტს როდესაც ეხება საკითხი, არ შეიძლება, მისი მფლობელი ყოველთვის იყოს რომელიმე კერძო პირი, ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვინდა, რომ სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში და აუცილებლად უნდა აშენდეს, ააშენოს პირველ რიგში, სახელმწიფომ და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება”, – აღნიშნა გადაცემაში გოლეთიანმა.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

რამდენიმე დღის წინ, რიონის ხეობის მცველებისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრიდან გამოსულმა გოლეთიანმა თქვა, რომ  მთავრობის წარმომადგენლებს სამი მოთხოვნა წაუყენეს.

სოფელ გუმათში რკინის ჯებირების აღება, ნამოხვანში კარვების გაშლის საშუალება და  მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა – გოლეთიანის განმარტებით, აღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ,  დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა.

 

იტვირთბა....