პარტია ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს.
“ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციურმა პარტიებმა 150 მანდატიდან 60 მოიპოვეს. სულ 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი, მოქალაქეები, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
კრიზისის განსამუხტად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მისი ვიზიტის მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იყო, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ კიდევ უფრო გაამწვავა. შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ორმხრივი შეხვედრების დროს მოლაპარაკების გაგრძელების გარანტია მიიღო, რისთვისაც პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა თბილისში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა. მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდაზე ედოთ 5 საკითხი იყო ნახსენები:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
- მომავალი არჩევნები.
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება ცალმხრივად ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს.
ოპოზიციური პარტიები: გირჩი – მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ. ისინი შეთანხმებაზე ხელმოწერის მთავარ პირობად, მათი განცხადებით, პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ციხიდან გამოსვლასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ასახელებენ.
ევროკავშირის მხრიდან შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ისმის გაფრთხილებები სხვადასხვა პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ, რაც შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაიდგმება, მათ შორისაა ფინანსური დახმარების შეჩერება საქართველოსათვის.