ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩიჩუა მაყაშვილზე: კიდევ კარგი, გოგონა გადარჩა

“კიდევ კარგი, გოგონა გადარჩა”, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მსახიობისა და  ტელეწამყვანის, ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ყოფილი ქმრისგან ძალადობის შესახებ.

როგორც ჩიჩუამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, კარგი ტენდენციაა, რომ ქალები ძალადობის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ.

“რა შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვთქვა. ეს, არა მგონია, დიდად განსხვავდებოდეს, უბრალოდ, აქ ორივე მხრიდან ცნობილ სახეებზეა საუბარი. ამიტომ, მე ისევე განვიხილავ ამ მოვლენას, როგორც სხვა დანარჩენს. კიდევ კარგი, გოგონა გადარჩა. სულ პატარა იყო ის, როცა წავიდა სხვის ოჯახში… მთელი გზა გაიარა ამ გოგომ, სანამ მისთვის სასურველი და სანატრელი კაცი გახდებოდა მოძალადე, ზიანის მიმყენებელი… არავის არ მიაყენებ ასეთ ზიანს, თუ ნორმალური ფსიქიკის და გაწონასწორებული ადამიანი ხარ… ათი წელი წელი დასჭირდა ამ გოგოს ტრავმიდან გამოსასვლელად და ბოლოს მაინც ამოთქვა და ხმამაღლა დააფიქსირა ფაქტი”, – განაცხადა ჩიჩუამ.

შეგახსენებთ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში – ფარული კონვერტი განაცხადა, რომ 11 წლის წინ, ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად, მათ შორის, ორსულობის პერიოდშიც ძალადობდა.

მაყაშვილის აღნიშნულ განცხადებას ზანგური გამოეხმაურა და ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი უარყო.

ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობაზე საუბრის შემდეგ, ტელეწამყვანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, მაყაშვილმა განაცხადა, რომ ჩივილს არ აპირებდა, რადგან არ სურს, ზანგური დაიჭირონ.

განცხადებას ფიზიკური ძალადობის შესახებ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და ბესო ზანგურს, თეატრის სასწრაფოდ დატოვების, მის ყოფილ მეუღლეს კი,  გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

შესაძლო ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველიც და აღნიშნა, რომ  შემთხვევასთან დაკავშირებით, არაერთი დისკრიმინაციული განცხადება, მათ შორის საჯარო პირების მხრიდანაც გაკეთდა. ნინო ლომჯარიამ, სავარაუდო დანაშაულზე კანონის ფარგლებში პასუხის გაცემის მიზნით, საგამოძიებო უწყებებს ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდა.

მსახიობ ბესო ზანგურს სოლიდარობა რუსთაველის თეატრის რეჟისორმა, რობერტ სტურუამ გამოუცხადა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ზანგური, გამოძიების დასრულებამდე, რუსთაველის თეატრში ყველა როლიდან მოხსნეს. აღნიშნულს მსახიობი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ თეატრში როლებიდან ჩახსნა უარესია, ვიდრე გაგდება.

რაც შეეხება ნინუცა მაყაშვილს, მას სოლიდარობა საზოგადოების არაერთმა ცნობილმა სახემ გამოუცხადა და მისი მხარდამჭერი აქციებიც გაიმართა.

იტვირთბა....