საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დიპლომატები – კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი უკვე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
„მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხდებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
მანამდე კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.