“სანამ გადაადგილების უფლება არ მოგვეცემა, ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის არსებითად არაფერს არ ცვლის. უნდა ვიცოდეთ ყველაფერი ვინ ექსპერტები არიან ჩართულები ამ საქმეში რას იკვლევენ. ასე საქმის კურსში, რომ არ ვართ ეს დიდ ეჭვებს ბადებს,” – ამის შესახებ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ გრძელდება, გუმათში გამთენისას ბარიკადების ნაწილი აიღეს. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან ხელოვნური წინაღობების სრულად გატანას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 170 დღეზე მეტია ღამეს კარვებში ათენებენ და ნამოხვანჰესის კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება უკვე შესრულდა.
როგორც აქციის წევრები აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი მაშინ გაგრძელდება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება.