სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მუმლაძის ინტერესების დამცველის, ირაკლი ჩომახიშვილის განცხადებით, თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში, მუმლაძე საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
“მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ნაწილობრივ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობაც და შესაბამისად, დადგინდა გირაო 3 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის შემთხვევაშიც გიორგი მუმლაძე გათავისუფლდება. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დაადგინა, 50%-ის, ანუ 1 500 ლარის გადახდის შემთხვევაში, გიორგი მუმლაძე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, ძალიან იშვიათად ადგენს ამას პრაქტიკაში. მე მაქვს განცდა და მჯერა, რომ დღესვე გადაიხდიან აქტივისტები ამ თანხას და გიორგი მუმლაძე ერთ საათში იქნება თავისუფალი”, – განაცხადა ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1-ელ ივნისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, გიორგი მუმლაძე ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.