თბილისში, მეტრო ავლაბრის მიმდებარედ, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრი, 28 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა.
არსებული ინფორმაციით, წურწუმიას მშობლები ევროპაში, თბილისში – და, ზუგდიდში კი ბებია ჰყავს.
შეგახსენებთ, საქართველოს ბანკის ავლაბრის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს შეიჭრა და 7 მძევალი აიყვანა.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო პნევმატური იარაღით, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა.
თავდამსხმელთან მოლაპარაკებას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე, რომელმაც მისი დაკავება შეძლო.
შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებული ნ.წ. მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში”, – აცხადებენ შს სამინისტროში.