საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ტოტალურ ლოქდაუნსა და გაფართოებულ შეზღუდვებეზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.
როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე იმ შემთხვევაში იმსჯელებენ, თუ შემთხვევები დრამატულად მოიმატებს.
“დღეს, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის აქტიური ტესტირების რეჟიმში, პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება და გაფართოება, რათა შევძლოთ ის, რომ შეზღუდვებს არ დავუბრუნდეთ… თუ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა დრამატულად, შემდეგ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების თემაზე დამატებით ისევ მსჯელობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კოვიდ-19-ით რვა პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 916 -ს შეადგენს.