ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით გასამართ შეხვედრისთვის მზადაა.
მისი თქმით, მათი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ შეხვედრაზე იყოს გამჭვირვალობა და აქციის მონაწილეთა წარმომადგენლებს ვიდეოგადაღების უფლება ჰქონდეთ.
“ჩვენ წარმომადგენლები შევალთ, გადავიღებთ შეთანხმებას, რომ არ მოხდეს გაუგებრობა, რამეზე ხომ არ მოხდა შეთანხმება საზოგადოებისგან გვერდის ავლით. მოხარული ვიქნებით თუ მედიასაც ექნება დასწრების საშუალება. ჩვენ არ დავესწრებით თუ არ მოგვეცემა ვიდეო გადაღების საშუალება. თუ ისინი ამ ტიპის გამჭვირვალობაზე არ წამოვლენ, როცა ამგვარი საჯარო ინტერესია, ეს არის მათი პრობლემა. ჩვენი ნომერ პირველი პირობაა, რომ ესენი ალაგდეს აქედან, რომ რეპრესიულ გარემოში არ გვიწევდეს ყოფნა, შემდეგ ვნახოთ რამდენად იქნება ადეკვატური გარემო დიალოგის გაგრძელებისთვის. ვნახოთ რა სტატუსით მოდის ეს ხალხი, გადაწყვეტილების მიმღებები არიან თუ არა. ტელეფონზე და განცხადებით ამ დასკვნას ვერ გამოვიტანთ,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან ჰესის მშენებლი კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.