ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე დეპუტატების წასვლაზე: არასწორი გადაწყვეტილებაა, გახარიამ პირადი ინტერესებით იხელმძღვანელა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნებიდან 6 დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა და ამას არასწორი გადაწყვეტილება უწოდა.

თალაკვაძეს თქმით, დეპუტატების ოცნებიდან წასვლის გამო, გამოჩნდა, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და არათანმიმდევრული დამოკიდებულება გამოავლინა, როდესაც გუნდიდან წავიდა.

“ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობისას, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს, იმ სახელმწიფო ინტერესებისა და პირობის ნაცვლად, რომელიც ერთად მივეცით საზოგადოებას. დაველლოდებით, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან. ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. მაშინ, როდესაც ის გამოწვევებია ქვეყანაში, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის გათავისუფლება, მიუღებელია. ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია.

ოცნებას ექნება მყარი უმრავლესობა პარლამენტში. როდესაც ოპოზიცია იქცევა ისე უპასუხისმგებლოდ, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში და უარს ამბობენ იყონ ოპოზიცია, ამ ფონზე, ამ გადაწყვეტილებას დიდი ყურადღებით დავაკვირდებით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გახარიამ პირადი ინტერესებით იხელმძღვანელა, როდესაც პარტია დატოვა. მაშინ როდესაც ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, მან დატოვა გუნდი და შემდეგ მისმა მეგობრებმა დატოვეს უმრავლესობა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ქართული ოცნება 6 დეპუტატმა დატოვა. როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გადადიან.

იტვირთბა....