ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: რიონის ხეობაში შსს აქტივისტების უფლებებს არღვევს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შსს ხეობაში აქტივისტების უფლებებს არღვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი აჩვენებს, რომ მათი მიზანი საპოლიციო ძალის გამოყენებით პროტესტის ჩახშობაა.

“სახელმწიფოს მიერ რიონის ხეობაში განხორციელებული ქმედებები უხეშად არღვევს იქ შეკრებილი ადამიანების, როგორც მიმოსვლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს.

ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. პროტესტი განსაკუთრებით ინტენსიურად 2020 წლის ბოლოდან მიმდინარეობს. გასულ კვირას, სახელმწიფომ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზები დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე, პოლიციის მეშვეობით ჩაკეტა. აქციის ორგანიზატორები ასევე საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე. სახელმწიფოს მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი აჩვენებს, რომ მათი მიზანი საპოლიციო ძალის გამოყენებით პროტესტის ჩახშობაა.

გზის გადაკეტვასთან ერთად, 11 აპრილს,  საღამოს რიონის ხეობაში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები აიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მიზეზი არადამაჯერებელი, არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელია. სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, კარვების აღება მდინარე რიონის წყლის დონის შესაძლო ამაღლებას უკავშირდება, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროს წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ კარვები, მდინარე რიონში 10 აპრილს გაუჩინარებული ადამიანის სამძებრო სამუშაოებს უშლის ხელს.

გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე არ გაატარა სათანადო პოლიტიკა და არ აწარმოა შინაარსობრივი დიალოგი მოსახლეობასთან, უკვე მერამდენედ პრობლემის მოგვარების გზად რეპრესიული საპოლიციო ძალა აირჩია. ამ პროცესში კი პოლიცია და ხალხი კვლავ პირისპირ დატოვა. მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და აზიანებს საზოგადოების თვალში მათ რეპუტაციას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს იქ მყოფი ადამიანების, როგორც გამოხატვის, ასევე მიმოსვლის თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა, „რიონის ხეობის მცველებს“ მისცეს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობასთან შინაარსობრივი დიალოგის გზა აირჩიოს”, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქრთველოს განცხადებაში.

 

იტვირთბა....