ნამახვანში აქტივისტებს კარვების ადგილი გადათხრილი დახვდათ, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება.
11 აპრილს მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შსს-ის განცხადება, თითქოს კარვების გატანა უსაფრთხოების მიზნით ხდება, მოგონილია. მისი თქმით, ადგილი, სადაც კარვებია განთავსებული, მდინარე რიონს რამდენიმე ათწლეულია არ დაუტბორავს.
შეგახსენებთ, შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.