ახალი ამბები მთავარი

ანა ნაცვლიშვილი: ნამოხვანში განვითარებული მოვლენები გამოსულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან

პოლიტიკური პარტია ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი ნამოხვანჰესთან განვითარებულ მოვლენებს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსულ მოქმედებებად აფასებს და ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას.

პოლიტიკოსმა მეტრონომთან დაადასტურა, რომ ამასთან დაკავშირებით ის პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს, რათა ის უსამართლობა რაც პროტესტის მონაწილეთა მიმართ ფიქსირდება გამოძიებულ იქნას და აღიკვეთოს.

“საკითხი ჩვენთვის დგას ძალიან მარტივად, როდესაც საუბარია ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე, მით უმეტეს ჰესის, რომელიც სპეციფიკით გამოირჩევა და მათ შორის არის განსხვავებული რისკები , ყველა სტანდარტი უნდა იყოს დაცული. ნამოხვანჰესთან დაკავშირებით ეს სტანდარტები არ არის დაცული. რისკების შეფასება, საზოგადოების ჩართულობა და გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი. ხელისუფლება ამ ხალხს არ ესაუბრება არგუმენტებით. ესაუბრება საპოლიციო ძალებით. რამდენიმე დღეა რიონის ხეობაში საქართველოს კონსტიტუცია აღარ მოქმედებს. სიტუაცია გამოსულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ამასთან დაკავშირებით მე შემაქვს განაცხადი პროკურატურაში, რადგან რაც იქ ხდება არის დანაშაული. ჩვენ იქ ვხედავთ ძალიან დიდ და მრავალფეროვან უსამართლობს და ყველა იმ ადამიანამდე მივალთ, ვის მიმართაც უსამართლოდ მოქმედებენ”, –  განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, უკვე 170 დღეა რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქტივისტები კარვებში ათევენ ღამეს და სახელმწიფოსგან კაბალური ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები გაიტანა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შსს-მ მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ნამოხვანჰესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და ხელისუფლებას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვისკენ მოუწოდა და შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის თავისუფლებას გაუსვა ხაზი.

 

 

იტვირთბა....