მოძრაობა სირცხვილია ნამოხვანის აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს და როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “რიონის ხეობის მცველების” მხარდასაჭერად ხვალ, 12 აპრილს, 16:00-ზე მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან.
მეტრონომი მოძრაობა სირცხვილიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“სოლიდარობა ნამოხვანს!
უკვე 170 დღეა რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქტივისტები კარვებში ათევენ ღამეს და სახელმწიფოსგან კაბალური ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.
სახელმწიფომ უკვე რამდენჯერმე მოატყუა და “გადააგდო” პროტესტის მონაწილეები, ცოტა ხნის წინ პოლიციამ გადაკეტა ნამოხვანისკენ მისასვლელი გზა და გაურთულა მოძრაობა როგორც აქციაზე მყოფებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას.
სახელმწიფო ნამოხვანის პროტესტს უპირისპირებს მისთვის ყველა ჩვეულ იარაღს: პროპაგანდას, ძალადობას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და ხმის ჩახშობის მცდელობას.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის შესაძლო ადიდება მოიმიზეზა საბაბად და ნამოხვანში ორგანიზატორები არ შეუშვა, ხოლო საპროტესტო კარვები დაშალა.
სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის ხეობის მცველებს და მათ მხარდასაჭერად შევიკრიბებით ხვალ, 12 აპრილს, 16:00-ზე მთავრობის კანცელარიასთან. შემოგვიერთდით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აქტივისტები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შსს კარვების დასაშლელად მიზეზებს ეძებს.