ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი შსს-ს განცხადებაზე: ეს არის მოგონილი იმისთვის, რომ კარავი დაგვიშალონ

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანა უსაფრთხოების მიზნით ხდება, მოგონილს უწოდებს.

ცოტა ხნის წინ გოლეთიანმა მედიის წარმომადგენელებს განუცხადა, რომ ადგილი, სადაც კარვებია განთავსებული, მდინარე რიონს რამდენიმე ათწლეულია არ დაუტბორავს.

“სადაც ჩვენი კარვები დგას, რიონი იქ არ შემოსულა რამდენიმე ათწლეულია. არ ვიცი, რა კვლევებით სარგებლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა ამბობს, რომ რიონის დონემ აიწია იქამდე, რომ შეიძლება ჩვენი კარვები წალეკოს… წყლის დონე არის მოგონილი. ეს არის ყანა, სახნავ-სათესი მიწა ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლის. იქ არასდროს წყალი რიონიდან არ შემოსულა. ყველა ვხედავთ რიონს და დღეს რამე განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის მოგონილი და საბაბი იმისთვის, რომ კარავი დაგვიშალონ. რაც შეეხება ჩვენ პროტესტს და როგორ გავაგრძელებთ ამ პროტესტს, სადაც გადაგვიკეტავენ გზას, იქ დავდგებით”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

შეგახსენებთ,  შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

იტვირთბა....