დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაიწყო.
როგორც გამყრელიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში არსებული ყველა დიდი კლასტერი ხალხმრავალ შეკრებებს უკავშირდება.
“მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. ყველა ეს კლასტერი, რაც აქამდე გვაქვს, პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება სწორედ თავშეყრებს – იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღე ა.შ. მარტო კონტროლი არ უშველის, თუ ჩვენი თვითშეგნებაც არ იქნა, რომ სწორედ ამ ტიპის თავშეყრებისგან თავი შევიკავოთ”, – განაცხადა ამირან გამრელიძემ.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო დღე-ღამეში covid-19-ს 8 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 592 ადამიანი კი, გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში, 24 823 ტესტი ჩატარადა, მათ შორის, 16 878 ანტიგენის სწრაფი ტესტით, 7 945 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,85%, ბოლო 14 დღის – 2,26%, ბოლო 7 დღის – 2,5%.
კარანტინის რეჟიმში 198, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2 298, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 309 პირი იმყოფება.